სააგენტოს შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.

საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.