სააგენტოს დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტატუსი, ანგარიშვალდებულება და სახელმწიფო კონტროლი.

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.

2. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი, შტამპი, ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით, ასევე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

4. სააგენტოს გააჩნია ემბლემა - ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ატრიბუტებზე.

5. სააგენტოს უფლება აქვს იქონიოს სპეციალური ტექნიკა განმასხვავებელი ნიშნით, სპეციალური ხმოვანი სიგნალით, სპეციალური შეფერილობითა და კავშირის სპეციალური საშუალებებით.

6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №10.

 

მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციის, სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების პრინციპებს.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

თავი II

სააგენტოს უფლებამოსილება და ძირითადი ამოცანები

 

მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება

1. სააგენტო, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო, უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინირებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება, ასევე ხანძართან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების კონტროლი.

3. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობ- რივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

4. სააგენტო უფლებამოსილია, საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის ფარგლებში შექმნას საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების ეროვნული საზოგადოებრივ-სათათბირო ორგანო (ეროვნული პლატფორმა) - საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო და ორგანიზება გაუწიოს მის საქმიანობას.

5. სააგენტო უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის დადგენის საერთო პრინციპების განსაზღვრაში და განახორციელოს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სააგენტოს საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვები და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, ასევე, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, მის შენახვასა და ექსპლუატაციაზე კონტროლი.

7. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტო და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებასა და ორგანიზებას.

 

მუხლი 4. სააგენტოს ძირითადი ამოცანები

სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების განხორციელების კოორდინირება და ორგანიზება;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ზომების შემუშავება - რეალიზება, რომლებიც მიმართულია ხანძრების პროფილაქტიკისა და დასახლებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეფექტურობის ამაღლებისკენ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ვ) საგანგებო სიტუაციების განვითარების დროს საქართველოს მთავრობის განაცხადის ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საერთაშორისო სამაშველო ძალებისა და ჰუმანიტარული დახმარებების მოთხოვნა, მათი მიღება და განაწილების კოორდინირება;

ზ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეაგირების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის ორგანიზება;

თ) ხანძრის პროფილაქტიკისა და ჩაქრობის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის სუბიექტების უფლებამოსილების და ორგანიზების საფუძვლების შემუშავება;

ი) ტექნიკური რეგლამენტების, ნორმების, წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავება.

 

თავი III

სააგენტოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

 

მუხლი 5. სააგენტოს დირექტორი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას, კოორდინირებას უწევს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სააგენტოში შემავალი დანაყოფების საქმიანობის კონტროლს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან;

ე) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს თათბირებზე განსახილველად;

ვ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ი) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;

ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

მუხლი 6. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები.

1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

3. სააგენტოს დირექტორის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და სააგენტოს დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 7. სააგენტოს დანაყოფები

1. სააგენტოს ძირითადი დანაყოფებია:

ა) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფები;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფები;

გ) სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები.

2. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ბ) კადრების სამმართველო;

გ) საფინანსო–სამეურნეო მთავარი სამმართველო;

გ1) ინსპექტირების სამსახური;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო;

ე) სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო;

ვ) ოპერატიული მართვის ცენტრი (სამმართველო);

ზ) განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო.

3. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფებია:

ა) თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოები იმ ქალაქებში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციები (შემდგომში - სამხარეო სამმართველოები);

დ) მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო სამსახურები და განყოფილებები.

4. სააგენტოს სტრუქტურულ, ტერიტორიულ და სახელშეკრულებო დანაყოფებს ხელმძღვანელობენ დანაყოფების უფროსები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.

5. სააგენტოს სტრუქტურული, ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების სტრუქტურას და საქმიანობის წესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

 

თავი IV

სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია

 

მუხლი 8. ადმინისტრაციის კომპეტენცია

ადმინისტრაციის კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სააგენტოში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

ბ) სააგენტოში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნის უზრუნველყოფა;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და დამუშავება;

დ) სააგენტოს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე1) სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ვ) დაგეგმილი ღონისძიებების საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს პრესცენტრთან კოორდინაციით სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება. სააგენტოს დანაყოფების მიერ ჩატარებული სახანძრო–სამაშველო სამუშაოებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, ფოტო-ვიდეომასალის დამუშავება და ვებპორტალზე განთავსება;

თ) მასალების მომზადება და მათი საინფორმაციო არხების მეშვეობით გავრცელების მიზნით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის მიწოდება.

 

მუხლი 9. კადრების სამმართველოს კომპეტენცია

კადრების სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელება. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს მოსამსახურეების დანიშვნა და გათავისუფლება, ხოლო პოლიციის თანამშრომლების შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევა;

გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მათი საკვალიფიკაციო ჩატარების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, აგრეთვე სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;

ვ) სააგენტოს მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება;

თ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) დოკუმენტაციის მომზადება სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ) ყოფილი მოსამსახურეების მხრიდან ხელახალი მიღებისათვის შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვა;

ლ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება;

მ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა.

 

მუხლი 10. საფინანსო-სამეურნეო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია.

საფინანსო-სამეურნეო მთავარი სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკურ ანგარიშების შედგენა და წარდგენა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ბუღალტრული აღრიცხვა-გაანგარიშების წარმოება;

გ) სააგენტოს კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა და შენახვა, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, სხვა მატერიალური საშუალებებით და საოფისე მომსახურებით უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის ექსპლუატაციაში მიღება და მათი გამართული მუშაობის ორგანიზება;

ვ) ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;

ზ) სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების მომარაგება მათი საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი სახარჯი სპეციალური საშუალებებით (ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკები და სხვ.) უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა- ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 101.ინსპექტირების სამსახურის კომპეტენცია

ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

ბ) მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრა და პრევენცია;

გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვა, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა.

 

მუხლი 11. სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენცია

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავება;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ მიერ შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;

დ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებსა და დაწესებულებებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგი და ამ მიზნით სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზება;

ზ) ბირთვული, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;

თ) ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობა;

ი) მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება;

ლ) სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა;

მ) საექსპერტო–საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;

ნ) საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე ინციდენტის ადგილზე, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის (სამაშველო, საავარიო-სამაშველო და ადამიანთა ძებნის სამუშაოები) ორგანიზებაში მონაწილეობა;

ო) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

პ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება და დირექტორისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;

რ) საქართველოში საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;

ს) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური დახმარება;

ტ) საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საგანგებო ვითარებების შეფასებაში მონაწილეობა, შესაბამისი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი, ბირთვული ავარიის შემთხვევაში დეზაქტივაციისა და მოსახლეობის სპეციალური დაცვის სხვა ღონისძიებათა ორგანიზება;

უ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საინჟინრო დამცავი ნაგებობების აღრიცხვა, მათი შენახვისა და ექსპლუატაციის მონიტორინგის განხორციელება;

ფ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო- ტექნიკური ღონისძიებების“ შესრულების კონტროლი;

ქ) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

ღ) სასწავლო დაწესებულებების მიერ გამოსაყენებელი საგანგებო სიტუაციების პრევენეციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება;

ყ) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება და კონტროლი;

შ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საგანგებო სიტუაციების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის ბაზაზე ინფორმაციის ანალიზი და განზოგადება, საპროგნოზო მრავალწლიანი ნორმების მაჩვენებლების დაზუსტება და რისკების შეფასება;

ჩ) პირველადი რეაგირებისათვის სამაშველო ჯგუფების მომზადება და საგანგებო სიტუაციების ზონაში მათი მუშაობის ორგანიზება;

ც) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ექსპერტიზის ჩასატარებლად;

ძ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული მიზნობრივი სამეცნიერო- ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება;

წ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა და მათი საგანგებო სიტუაციების ზონაში მობილიზების უზრუნველყოფა;

ჭ) საავარიო-სამაშველო ქვედანაყოფების შექმნის მიზნით სპეციალისტთა მომზადება და საგანგებო სიტუაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი გამოყენების ორგანიზება;

ხ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სამაშველო რაზმების ჩამოყალიბებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დახმარების აღმოჩენა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.

 

მუხლი 12. სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს კომპეტენცია.

სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზება;

ბ) საქართველოში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;

გ) რთული და დიდი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებების კოორდინირების უზრუნველყოფა;

დ) ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახურებში არსებული ოპერატიული ვითარების კონტროლი, მორიგეობის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება, სააგენტოს უფლებამოსილი პირების განკარგულების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების სამსახურის „გაძლიერებულ მზადყოფნაზე“ გადაყვანის ორგანიზება, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახურების მუდმივი მზადყოფნის და სახანძრო დაცვის სამსახურის დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზების უზრუნველყოფა;

ე) დადგენილი წესით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება;

ზ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის ტერიტორიულ, სახელშეკრულებო, მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებასა და განხორციელებისათვის დადგენილი წესის შესრულების, ასევე პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი;

თ) სამხარეო და ავტონომიურ დონეებზე ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა და ამ სიტუაციების ეროვნულ დონეზე გადასვლის საშიშროების შემთხვევაში, მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში რეაგირების შესაბამისი ხელმძღვანელისთვის წინადადებების და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

ი) ეროვნულ, ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეებზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმების შემუშავების და მათი რეალიზების ორგანიზება;

კ) ქვეყანაში მომხდარი რთული და ფართომასშტაბიანი ხანძრების შესწავლა და ანალიზი, ხანძრების წარმატებით ჩასაქრობად შესაბამისი პირობების შექმნისათვის შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის ტერიტორიულ, სახელშეკრულებო, მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის საკითხების კონტროლი;

მ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სახანძრო და სპეციალური ტექნიკის, სხვა მატერიალური საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების საკითხებზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში მონაწილეობა;

ნ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;

ო) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;

პ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზების და განხორციელების სამართლებრივი, სარეკომენდაციო და მეთოდური დოკუმენტების, სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესისა და ორგანიზების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის გამოყენების მარეგლამენტირებელი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ჟ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;

რ) ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების ორგანიზება და განხორციელება;

ს) სივრცითი მოწყობის და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობა;

ტ) საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობა, მათ შორის, იმ შეთანხმებების რეალიზების საკითხებში, რომლებიც შეეხება ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციასა და ჰუმანიტარულ რეაგირებას;

უ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ფ) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ქ) დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის ორგანიზება;

ღ) მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება;

ყ) სახანძრო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშროლობა;

შ) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება, ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი შეკრება და განზოგადება, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება.

 

მუხლი 13. ოპერატიული მართვის ცენტრის (სამმართველო) კომპეტენცია

ოპერატიული მართვის ცენტრის (სამმართველო) კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა უფლებამოსილი პირების შეტყობინებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ტექნოლოგიების შემუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;

გ) შექმნილი ვითარებების შეფასების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, გეოგრაფიულ კოორდინატებთან მიბმული მონაცემთა ბაზების და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე სპეციალური მეთოდიკის და პროგრამების შემუშავება;

დ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დანაყოფების ჩაბმა, დადგენილი წესის თანახმად;

ვ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

ზ) სააგენტოსა და მის დანაყოფებში სატელეფონო და რადიოკავშირის საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოსა და მის დანაყოფებში კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობის ადმინისტრირება და კონტროლი;

ი) საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;

კ) საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება-გამოძახების გეგმის განხორციელება.

 

მუხლი 14. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს კომპეტენცია

განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული სამაშველო რეაგირება;

ბ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;

დ) სამმართველოს თანამშრომლების (მაშველები) მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. შესაბამისი სწავლების ჩატარება მაშველთა მომზადებისა და გადამზადების მიზნით;

ე) რეაგირების ძალების პირადი შემადგენლობის გადამზადების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადებისათვის ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადება;

თ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ი) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევაში მონაწილეობა;

ლ) ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარება.

 

თავი V

სააგენტოს ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფების კომპეტენცია

 

მუხლი 15. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების კომპეტენცია

1. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების კომპეტენციას შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოადგენს:

ა) შესაბამის დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის ორგანიზებასა და საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენით ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება;

გ) საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის კოორდინირება, სათანადო მმართველობის ორგანოებისათვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;

ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებების მიღების, გაგზავნისა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნის, ასევე მუნიციპალიტეტებისათვის დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გასანაწილებლად ჰუმანიტარული დახმარებების გადაცემის ორგანიზება;

ვ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება;

თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების, ასევე საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების ორგანიზება და განხორციელება;

ი) ხანძრის პროფილაქტიკის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, აგრეთვე ხანძრის დროს ადამიანების და ქონების გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და განხორციელება;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;

მ) მუნიციპალურ და კერძო სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების მიზნით პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი;

ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გამოკვლევა;

ო) დადგენილი წესის თანახმად, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მმართველობის ორგანოების და ობიექტებისათვის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

პ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვა, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ჟ) ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმისათვის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზება;

რ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;

ს) ობიექტების ან/და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების სამუშაოების ორგანიზება;

ტ) საგანგებო სიტუაციების, ხანძრების და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისადმი ანგარიშგების წარმოება;,

უ) საქმისწარმოებასთან (მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება.

2. ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოები და სამხარეო სამმართველოები ვალდებული არიან:

ა) უზრუნველყონ შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო სამმართველოების, სამსახურების და განყოფილებების საქმიანობის კოორდინირება, კონტროლი და მათთვის მეთოდური დახმარების აღმოჩენა;

ბ) უზრუნველყონ რთული და ფართომასშტაბიანი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებების კოორდინაცია, აგრეთვე ხანძრების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შესაბამისი ანალიზისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, ხანძრების წარმატებით ჩასაქრობად შესაბამისი პირობების შექმნისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) უზრუნველყონ სახელშეკრულებო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების მიზნით, პირადი შემადგენლობის ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი.

 

მუხლი 16. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები

1. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან ან/და საგანგებო სიტუაციისაგან დაცვას.

2. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები იქმნება ობიექტის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებში, პოტენციურად საშიშ ობიექტებში, ასევე ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობისა და მასობრივი თავშეყრის ობიექტებში.

3. სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფები საქმიანობას ახორციელებენ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების საფუძველზე.

 

თავი VI

სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

 

მუხლი 17. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 18. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს ფუნქციების შესრულებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

 

მუხლი 19. საკითხი, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 20. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.