შეხვედრა ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენელთან


26/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე, სააგენტოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ირენიუს ნავოროლოვს და პროექტი „პოლონეთის დახმარება 2017“-ის კოორდინატორს, მარტინ ლაფაჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის - „პოლონეთის დახმარება 2017“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთმა 73 ათასი ევროს ღირებულების ტვირთი გადასცა, რომელიც უკვე საქართველოშია. პროექტი სასწავლო-სამაშველო სტენდების ჩამოტანას, მონტაჟს და მეხანძრე-მაშველების გადამზადებას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო პოლონურ მხარესთან 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. დღემდე, არაერთი წარმატებული პროექტია განხორციელებული, მათ შორის, „საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება“ და „საქართველოში სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების შესრულება“. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ქ. ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის სასწავლო ბაზაზე გადამზადდნენ და მათ უსასყიდლოდ გადაეცათ სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა.