გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია


06/12/2017

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს. 
ხანძრის ქრობის პროცესში 40-მდე მეხანძრე-მაშველი, 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო მონაწილეობდა.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულყოფილ ინსპექტირებას განახორციელებენ იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა გარემოს. შედეგებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.