შსს-ს სსმს-ს ბიბერახის საკრებულოს თანათავმჯდომარე ეწვია


11/11/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე გერმანიის ქალაქ ბიბერახის საკრებულოს მთავარი მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარეს, რაინერ ეტცინგერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური ქართულ მხარეს სამაშველო აღჭურვილობასა და ავტოტექნიკას საჩუქრად გადმოსცემს. 
ნიკოლოზ სირაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ყველა იმ დასრულებული პროექტის მხარდაჭერისთვის, რომელთა ფარგლებშიც, 2011-2015 წლებში საქართველოს შსს-ს სპეცტექნიკა და აღჭურვილობა გადმოეცა.
რაინერ ეტცინგერის მიერ შემუშავებული, თელავის სახანძრო სამსახურის განვითარების სპეციალური პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 5 თანამშრომელი ქალაქ ბიბერახში მიწვეულია სემინარზე - "რესპირატორული დაცვა" და "მოწყობილობის ინსპექტირება/აღჭურვილობის მოვლა". პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ქალაქი ბიბერახის მთავრობა აფინანსებს. ამავე პროექტის ფარგლებში, ბიბერახის დაფინასებით, განხორციელდა თელავის მეხანძრე-მაშველთა სასწავლო პროგრამა ქალაქ ბიბერახსა და თელავში.