საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა


30/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მეწყერსაშიშ ზონაში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სააგენტოს კოორდინაციით, მეწყერსაშიშ მონაკვეთზე მუდმივი მონიტორინგის პროცესი ხორციელდება. მიმდინარე კვლევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად, მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკებიც მონაწილეობენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო სამოქმედო გეგმები დასახეს. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. მისი მიზანია მეცნიერულად არგუმენტირებული რეკომენდაციების შემუშავება საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში. საბჭო დაკომპლექტებულია ღვაწლმოსილი მეცნიერებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მომუშავე ექსპერტებითა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით.