ეს ჩემი ქალაქია - შსს-ს იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი ახმეტაში


01/10/2017

შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“. იმიტირებული ქალაქის საგამოფენო სივრცეში შსს-ს საპატრულო, სასაზღვრო და დაცვის პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტებმა ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყეს. აქვე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ: „112-ის კოსმოსურ ხომალდში“ მონაწილეობა მიეღოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში; შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემეცნებით-გასართობ კუთხეში, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაებარებინათ; შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ; სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ. სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ. ახმეტობის დღესასწაულზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთდ, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი იმყოფებოდა. დავით ვარდიაშვილი ახმეტის კულტურის სახლში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო, გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მოწვეულ სტუმრებს, ახმეტობის დღესასწაული მიულოცა.