შსს-ს პროექტი „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ გრძელდება


21/04/2017

შსს-ს პროექტის – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ – ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ N82-ე საჯარო სკოლაში მეხუთე კლასელი მოსწავლეებისთვის თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილები ჩაატარა.

საგანმანათლებლო–შემეცნებითი გაკვეთილები სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის მიხედვით ჩატარდა, სადაც მოსწავლეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები  მოსწავლეებს მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს ასწავლიან.

პროექტი –„უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  42 საჯარო სკოლაში ჩატარდება.

სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.