შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამთავრობო უწყებათაშორის სწავლება - „კოლხიდა 2017“-ში მიიღო მონაწილეობა


11/02/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ორგანიზებით, სამთავრობო უწყებათაშორისი სწავლება - „კოლხიდა 2017“ - ჩატარდა.

სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეროვნულ საველე ოპერაციების ცენტრში, კრიზისების მართვის ეროვნულ სიტუაციურ ოთახსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე, ერთდროულად მიმდინარეობდა.

სცენარის მიხედვით, სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორია გამოცხადდა. სწავლებაში მონაწილე უწყებების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდირება. კრიზისის ლოკალიზების მიზნით, სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე, სამი მართვის ცენტრი გაიხსნა: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში და ეროვნულ გვარდიაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიას,  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის, ასევე, ყველა შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე სწავლების სცენარით განსაზღვრულ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს.

სწავლებას-“კოლხიდა 2017“-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა, ხოლო ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევდა. სწავლებაში ასევე ჩართული იყო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“.

სწავლების მიზანი იყო კრიზისული მდგომარეობის მართვის დროს უწყებათაშორისი თანამშრომშრომლობის დახვეწა, ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების დროს კოორდინირებული მოქმედება, რესურსების ეფექტურად გადანაწილება, კრიზისების მართვის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასევე, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღების და შემდგომში მათი გადანაწილების პროცედურების გაუმჯობესება, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სწავლება აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის და საინჟინრო კორპუსის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების პარტნიორი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი იყო.